კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (შემდგომში - ბაგა-ბაღების გაერთიანება) არის მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო კონტროლით, სკოლამდელი აღზრდა-განათლების კონცეფციის, საგანმანათლებლო პროგრამის და ამ წესდების შესაბამისად ახორციელებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობას; „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანება“ წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი დამფუძნებელია ხულოს მუნიციპალიტეტი, ხოლო დამფუძნებლის უფლებამოსილებას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. ბაგა-ბაღების გაერთიანება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე წესდებით. ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობის მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და იგი სარგებლობს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებებით;
ბაგა-ბაღების გაერთიანება კანონმდებლობით და ბაგა-ბაღების გაერთიანების წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, ჩაატაროს ტენდერები, დადოს ხელშეკრულებები, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად ისარგებლოს და განკარგოს მისი აქტივები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟში, სასამართლოში, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანება ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. ბაგა-ბაღების გაერთიანებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ბანკში, ბეჭედი, შტამპი და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები; ბაგა-ბაღების გაერთიანების იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, აბუსერიძე ტბელის ქუჩა N1.
ბაგა-ბაღების გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას; ბავშვთა აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას; მათ ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას, სხვისი აზრისა და საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბაგა-ბაღების გაერთიანება ოჯახთან ურთიერთკავშირში ზრუნავს ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე, ვალდებულია დაიცვას ბავშვი ნებისმიერი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარებას.
ბაგა-ბაღების გაერთიანება ბავშვებს უქმნის ჯამრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობებს. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და ჯგუფების დაკომპლექტება ხდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით.
ჩვენს ბაღებში მუშაობენ პროფესიონალი აღმზრდელ მასწავლებლები
ბავშვებთან მუშაობენ გამოცდილი ფსიქოლოგები, რომლებიც არჩევენ ბავშვებთან ინდივიდუალური მიდგომის წესს
ბავშვები იმყოფებიან პროფესიონალი ექიმის მუდმივი ყურადღების ცენტრში
ბაღები აღჭურვილია თანამედროვე იფრასტრუქტურით, მოწყობილია სამყოფი, სასადილო და საძინებელი ოთახები ბავშვთა მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით